ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთათვის პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესები და პირობები დადგინდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, ღამის ცვლაში მომუშავე პირად ითვლება ადამიანი, რომელიც საღამოს 22:00-დან დილის 06:00-მდე პერიოდში რეგულარულად მუშაობს არანაკლებ 3 საათს, ან დასაქმებული, რომელიც მთლიანი სამუშაო დროის არანაკლებ ¼-ს ატარებს ღამის 22:00-დან დილის 06:00-მდე პერიოდში.
დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯით მოახდინოს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება როგორც ღამის სამუშაოზე დასაქმებამდე, აგრეთვე, მუშაობის პროცესში გეგმიურად წელიწადში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ.
დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი (პროფესიული) სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა მოცემული ღამის სამუშაოსათვის ანუ იმ დაავადებებისა, თუ პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა, რომლის დროსაც კონტაქტი მოცემულ პროფესიულ ფაქტორთან უკუნაჩვენებია, რათა დადგინდეს ღამით მუშაობის პოტენციური რისკები და უარყოფითი შედეგები დასაქმებულის ჯანმრთელობაზე. დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც პროფესიული პათოლოგიის ადრეული ნიშნების გამოვლინების, ისე მისი ჰიპერდიაგნოსტიკის თავიდან აცილების მიზნით.
საგულისხმოა, რომ რეგულაცია ვრცელდება როგორც საჯარო სამსახურებზე, აგრეთვე, კერძო სექტორზე.